სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია


28 მაისს ჩავატარე სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი უცხო ენასა და მათემატიკაში თემაზე „მოქმედებები ორნიშნა და სამნიშნა რიცხვებზე, გეომეტრიული ფიგურები, კალენდარი“.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ორ სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა, მოეხდინათ ცოდნის ტრანსფერი. გააზრებულად გამოეყენებინათ სტრატეგიები ზეპირმეტყველების აქტივობების შესრულებისას.
გაკვეთილის თემის შერჩევა განაპირობა იმ თვალსაზრისმა, რომ დავინახე მოსწავლეთა მზაობა და ამავდროულად საჭიროება ერთ საგანში მიღებული ცოდნა გამოევლინათ მეორეში. მესამე კლასის მოსწავლეებს უკვე აქვთ საბაზისო ცოდნა მიღებული როგორც მათემატიკაში ასევე უცხო ენაში, თუმცა უცხო ენის სწავლების მესამე წელს მოსწავლეებს აქვთ უცხო ენაზე კომუნიკაციისა და ინტერაქციაში ჩართვის, მიღებული ცოდნის უცხო ენაზე გადმოცემის პრობლემა, ანუ იციან თუმცა ხშირ შემთხვევაში ბუნებრივად ჩაერთონ კომუნიკაციაში ერიდებათ, იბნევიან.  ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა მოსწავლეები გახსნა, გახდნენ თამამები და მხიარულად ერთვებოდნენ თითოეულ აქტივობაში. აქტივობები ისე მქონდა ჩაშლილი რომ მოსწავლეებმა შეძლეს საგანთა ლოგიკური დაკავშირება. აღნიშნულმა გაკვეთილმა მომცა მოტივაცია ხშირად დავგეგმო ინტეგრირებული გაკვეთილები სხვადასხვა საგანთან.
ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი, გამოყენებული რესურსები და მრავალფეროვანი აქტივობები საინტერესო იყო კოლეგებისთვისაც, ჩემ მიერ შექმნილ რესურსებში გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები მათივე ცოდნის მიღებისა და გამყარებისთვის, რაც ორივე საგანში დამეხმარა გაკვეთილის მიზნის მიღწევაში. მრავალფეროვანმა აქტივობებმა გამოიწვია მოსწავლეთა ინტერესი, ჩართულობა, ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი და ლოგიკური უნარის განვითარებას. რესურსებისა და აქტივობების გამოყენება შეუძლია სხვა მასწავლებლებს რომლებთაც შეხება ექნება აღნიშნულ თემასთან. შესაძლებელია რესურსებისა და აქტივობების მოდიფიცირება საგნიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
დაგეგმილი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. ვთვლი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ორ საგანს შორის ინტეგრირება, მოსწავლეებს გაუჩნდათ მეტი ინტერესი და შეძლეს მარტივ ინტერაქციაში ლოგიკურად ჩართვა. მიუხედავად იმისა რომ გაკვეთილზე ყოველი დასახული მიზანი იყო შესრულებული ხარვეზად მივიჩნევ რომ კლასში აღმოვაჩინე ორი მოსწავლე რომელთაც სჭირდებათ მეტი მუშაობა და ჩართულობა. ჩემს სუსტ მხარედ ჩავთვლიდი ამ მოსწავლეების ნაკლებად ჩართულობას გაკვეთილში და მომავალში ვფიქრობ გამოვიკვლიო მათი ძლიერი მხარე, ინტერესი და აქტივობები დავგეგმო ისე, რომ ეს კონკრეტული მოსწავლეები იყვნენ მეტად ჩართულები/აქტიურები. ვიმუშავებ უფრო კონკრეტული მიმართულებით, რომ აღარ გამოიკვეთოს გაკვეთილში/აქტივობებში  ნაკლებად ჩართული მოსწავლე/მოსწავლეები. მოსწავლეთა შესაფასებლად გამოქვეყნებული მქონდა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, თუმცა გაკვეთილზე ვიყენებდი მხოლოდ შექების კომენტარებს და ნაკლებად ვაძლევდი კონკრეტულ განმავითარებელ შეფასებებს. შეფასების მეთოდები ეფუძვნებოდა სტანდარტს და დაკავშირებული იყო სასწავლო მიზანთან, შეესაბამებოდა აქტივობებს თუმცა სათანადოდ არ გამომიყენებია უკუკავშირი. ვფიქრობ რომ მხოლოდ შექებით არ უნდა შემოვიფარგლო, მოსწავლეებს უნდა მივცე უფრო კონკრეტული განმავითარებელი უკუკავშირი.

ხელმოწერა:
ნინო წილოსანი

Comments

Popular posts from this blog

სამოდელო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა